პარლამენტი „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვებს იწყებს. აღნიშნული კანონის არარსებობასა და ამით გამოწვეულ პრობლემებზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. ძირითადად საუბარი იყო უცხოელი გიდების საქმიანობის უფლებაზე. ქართველი გიდები სახელმწიფოსგან ითხოვდნენ, რომ გიდებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესებულიყო, მათი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ.
რაც შეეხება კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც მოხდა საკანონმდებლო ორგანოში, პროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება და ა.შ.
ტურ-ოპერატორები პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ცვლილებების გარეშე პროექტის ამოქმედებით „პატარა კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ მუშაობა ან საერთოდ გაქრებიან“. როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ტურ-ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა განაცხადა, სექტორში არსებულ ქაოსს ეს კანონი ვერ მოაგვარებს.
„ამ ქაოსს ეს კანონი ვერ მოაგვარებს, რადგან მასში არ არის გამიჯნული გაყვანის და შემოყვანის ტურიზმი. ვშიშობ, ამ კანონით შემოყვანის ტურიზმს უფრო მეტი პრობლემა შეექმნება. აქ არ არის მხოლოდ გიდების ლიცენზირებაზე საუბარი. თუ კანონპროექტის არსებულ ვარიანტში რაღაცეები არ შეიცვალა, პატარა კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ მუშაობა ან საერთოდ გაქრებიან.
გამოვა, რომ კანონი შემოდის, რომელიც ხელს უშლის იმას, რასაც 20 წელი ვნერგავდით, რომ რეგიონში ტურიზმის თუ მასპინძლობის ბიზნესები განვითარებულიყო. ახლა კი შემოდის კანონი, რომელიც მათ მოსთხოვთ, 30 ათას ლარიანი დეპოზიტს, რომელიც სულ უნდა ედოთ ანგარიშზე გარანტიებისთვის. კანონპროექტის ავტორების არგუმენტია, რომ ეს არის ევროდირექტივა, მაგრამ ამის შეცვლა შეიძლება. მე პირადად ამ კანონის მეშინია,“ - განაცხადა თაბაგარმა.