ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში დიდი ბრიტანეთის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში დიდი ბრიტანეთის რეგიონულ დირექტორს, ნეილ ფლოიდს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებსაც განვითარების კარგი პერსპექტივა და პოტენციალი აქვთ და, შესაბამისად, უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში დიდი ბრიტანეთის რეგიონული დირექტორი დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს და ამ პროექტებში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობის შესაძლებლობით.  ნეილ ფლოიდის თქმით, მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია ადგილზე შეისწავლონ საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და ეს ინფორმაცია ბრიტანულ კომპანიებს მიაწოდონ.

აგრარულ დარგში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ დამატებით შესაძლებლობებს, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმების შემდეგ გაჩნდა.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე და ამ სტრატეგიით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმაზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სტრატეგიის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანაშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ეხება.

განსაკუთრებულად აღინიშნა, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის OXFAM-ის საქართველოში საქმიანობა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორგანიზაციის ჩართულობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიმდინარე პროექტებში, რომელთა მიზანსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.