ბულგარეთში მართვის მოწმობის საგამოცდო მარშრუტს ხელოვნური ინტელექტი (AI) დაადგენს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
საგამოცდო ტესტები, როგორც წესი, მოიცავს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევას, გზაჯვარედინის გადაკვეთას, შუქნიშანზე გავლას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მოძრაობას. თუმცა როცა ინსტრუქტორი მოძრაობის მარშრუტს ქმნის, მასში მნიშვნელოვანი ელემენტების ჩართვა ხშირად ავიწყდება.
ამდენად, მოცემული პარამეტრებით მარშრუტს უკვე ხელოვნური ინტელექტი დაადგენს, რომ ადამიანური ფაქტორი გამოირიცხოს და მძღოლის ყველა საჭირო უნარი თანაბარ პირობებში შემოწმდეს.
ამჟამად სისტემის ტესტირება ბულგარეთის რამდენიმე ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. თუ ხლოვნური ინტელექტი შემთხვევების 90%-ში სწორ მარშრუტს დაადგენს, მაშინ მისი მონაწილეობით მართვის მოწმობის გამოცდები ქვეყანაში 1 აგვისტოდან ჩატარდება.
ცნობისთვის: ახლახან უმსხვილესმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა განცხადება, რომ მისი მთავარი რედაქტორი ხელოვნური ინტელექტი ხდება. ტრანსფორმაცია 2024 წლის დასაწყისში დასრულდება. ამასთან, პორტუგალიაში 2025 წლიდან ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტის, ChatGPT-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ზარებზე პასუხის გასაცემად გამოიყენებენ, ხოლო გერმანიის ბავარიაში ხელოვნური ინტელექტი უკვე საეკლესიო მსახურებას ეწევა. კერძოდ, პროტესტანტულ ეკლესიაში მრევლს ნეიროქსელით შექმნილი მღვდლის ავატარი დახვდათ, რომელმაც 40-წუთიანი წირვა აღავლინა. ქადაგების გარდა, მასში ლოცვა და მუსიკა შედიოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ