სამედიცინო პერსონალის კოლაფსი იქნება ცოტა ხანში - მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი

სამედიცინო პერსონალის კოლაფსი იქნება ცოტა ხანში, ამის შესახებ მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„სამწუხაროდ ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში ექთნის, ზოგადად, სამედიცინო რგოლის პრობლემებია. იმდენად მინიმალური ხელფასები აქვთ სამედიცინო დაწესებულებებში, რომ უწევთ ქვეყნიდან წასვლა. არ მინდა ხმამაღლა გამოვიდეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალის კოლაფსი იქნება ცოტა ხანში, ექთნები აღარ არიან დაწესებულებებში,“- აღნიშნა ამირანაშვილმა.

ექთნების სიმცირისა და ექიმებისა და ექთნების თანაფარდობის პრობლემაზე წლებია სექტორის წარმომადგენლები თუ სფეროს ექსპერტები საუბრობენ. მათ შორის, ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, როგორც „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში იყო აღნიშნული 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა დაბალი - 0.98-ია. რაც მათი შეფასებით, საექთნო რესურსების პოტენციურ დატვირთვაზე მიუთითებს და ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის მკურნალობასა და მონიტორინგზე. კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაციის „გალთ ენდ თაგარტის“ ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვის თანახმად კი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტია. მათივე ცნობით, საქართველოში თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი - 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს.

თაია არდოტელი