„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებს. საქმეზე სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.
ცნობისთვის, საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეზე. საუბარია, „მტკვარი ჰესის“ პროექტზე. ადვოკატის განცხადებით, არსებობს ეჭვები, რომ ბაჩიაშვილმა ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა. ადვოკატი განცხადებაში ასევე საუბრობს 2015 წლიდან მოყოლებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საეჭვოდ ბევრი უძრავ-მოძრავი ქონების შეძენაზე.
„გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტობრივად მხოლოდ ჩემი მარწმუნებლის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.
ამდენად, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ჩემი მარწმუნებლის ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე შესაძლოა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით,“- ვკითხულობთ ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ტიპის ქონება ფიქსირდება გიორგი ბაჩიაშვილის სახელზე. როგორც უძრავი ქონების რეესტრის მონაცემები გვიჩვენებს, ბაჩიაშვილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ძირითადად 2014 -2020 წლების პერიოდში ფიქსირდება. მის საკუთრებაშია: მიწის ნაკვეთი წავკისში; სოფელ დიღომში 5 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც რამდენიმე შეძენილი ნაკვეთის გაერთიანებით გაიფორმა; კიდევ ერთი ნაკვეთი სოფელ დიღომში; მიწის ნაკვეთი თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე; ნეკერჩხლის ქუჩაზე მდებარე 2 ბინა; ასევე ფლობს ავტოფარეხს აბაშიძის ქუჩაზე და მის სარეგისტრაციო მისამართადაც ასევე აბაშიძის ქუჩაა მითითებული. ამასთან, უძრავი ქონების რეესტრში გიორგი ბაჩიაშვილის სახელი ფიგურირებს, თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ქონების რეგისტრაციის პროცესში, რომლის მესაკუთრედაც დაფიქსირებულია შპს „ბორჯომი პროპერთი“, რომლის 100%-იანი წილის საბოლოო მესაკუთრე სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია.
რაც შეეხება კომპანიებს, მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბაჩიაშვილი ფლობს შპს „კეპლერ ინვესტმენტს“, რომელიც თავის მხრივ „ბორჯომი პროპერთის“ 100%-იანი წილის მფლობელია. გარდა ამისა, ბაჩიაშვილი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი; კერძოდ, მის საკუთრებაშია შპს „რეზინას“ 50%-იანი წილი; შპს „აი ქიუ სოფტის” 45.5%; ასევე ბაჩიაშვილის რეესტრში კიდევ ორი კომპანიის - შპს „ოტო მოტოს“ და „უძრავი ქონების მართვის კომპანიის" მეწილედ არის მოხსენიებული; გარდა ამისა, არის შპს „მალონე ფაინენს ჯორჯიას“ დირექტორი, რომლის მფლობელიც ოფშორში რეგისტრირებულია კომპანიაა, ამიტომ საბოლოო ბენეფიციარის მიკვლევა რთულია; დირექტორის პოზიცია უკავია კიდევ ერთ კომპანიაში, რომლის დასახელებაცაა შპს „მეგა თრენდს“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დირექტორობა ანდო. 2019 წელს, როცა მან ეს პოსტი დატოვა, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ეკონომიკის მინისტრის პოსტზეც კი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და ბაჩიაშვილი თანაინვესტრების ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 28 წლის ახალგაზრდა ექსპრემიერის ნდობით სარგებლობდა და მასთან დაახლოებული პირი იყო. მისი სახელი რამდენჯერმე ახსენეს სწორედ ამ კონტექსტში. კერძოდ, გასული წლის აპრილში "საერთაშორისო გამჭირვალობა" საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, სახელმწოდებით "ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი". იმ ადამიანებს შორის, ვისაც ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ანდობს, დასახელებული იყო გიორგი ბაჩიაშვილიც. ის ასევე იკავებდა ექსპრემიერის მრჩევლის პოზიციას ჯერ კიდევ თვეების წინ და სწორედ ამ რანგში მისცა ჩვენება სინგაპურში გამართულ პროცესზე, სადაც ივანიშვილისა და Credit Suisse Trust-ის დავა განიხილებოდა. მაშინ ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ შეუსაბამობებზე, რის გამოც ივანიშვილი უპირისპირდება Credit Suisse Trust-ს (სინგაპური), რომელსაც ასობით მილიონის ინვესტიცია მიანდო. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამდე ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შორის დაასახელა. კერძოდ, ფინანსების მიმართულებით 30 under 30-ში ბაჩიაშვილი 28 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბაჩიაშვილი 6 მილიარდ დოლარიან კერძო ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს მშპ-ს 40%-ს უდრიდა.