ბიზნესასოციაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს, ლარის კურსთან დაკავშირებით, უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ბინზესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.

გიორგი ჭირაქაძემ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და რეგიონში არსებულ სიტუაციას გაუსვა ხაზი.  "ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რა მოსდის თურქულ ლირას. თურქული ლირა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაუფასურდა. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის დამამშვიდებელი არ არის, ჩვენს მეზობლებთან საკმაოდ ცუდი ტენდენციებია და ამ შემთხვევაში ლარი რომ იყოს მყარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რასაკვირველია, რაც ლართან მიმართებაში ხდება, კარგი არ არის, ჩვენ არავის ეს არ მოგვწონს. იმედი გვქონდა ლარის დასტაბილურების, მაგრამ უკვე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფაქტორების დიდი ნაწილი, რაც ლარის გაუფასურებასთან არის დაკავშირებული, ჩვენს მეზობლებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ შეუძლებელია შენი ვალუტა იყოს მყარი და ამავდროულად თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვალუტა ხდებოდეს სუსტი. ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს ეს სიტუაციაა", - განაცხადა ჭირაქაძემ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ლარის კურსი შედარებით გამყარდება. "იმედი მაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ცოტა გამყარდება ჩვენი ლარის კურსი, რამდენად შეძლებს ეს კურსის უკან დაწევას, ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ყველას ამის იმედი გვაქვს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, შექმნილ სიტუაციაში ელოდებოდა იმპორტის მეტ შემცირებას. "რასაკვირველია, ეს ზოგადად პრობლემური თემაა. იმპორტი უფრო მეტად შემცირდეს, რომ ეს დისბალანსი შემცირდეს. რასაკვირველია, ეს არ არის ხელისუფლებაზე პირდაპირ დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ მოლოდინებზე, რაც მოსახლეობას, ბიზნესს აქვთ მომავალთან მიმართებაში, ასევე იმ იმპორტიორებზე, რომლებსაც საქონელი შემოაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკა ისეთი რამაა, რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლარის კურსი უფრო ზემოთ არ წავა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთული. რაც შეეხება თანამშრომლობას ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესასოციაციის პოზიციაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მუშაობდეს ერთად ძალიან აქტიურად.  "ვერც ეროვნული ბანკი, ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებს. ეს ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყველას აქვს თავისი მექანიზმები. ჩემი აზრით, ისინი საკმარისად არ მუშაობენ ერთად და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, იმუშაონ ერთად, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი ეს ფაქტორი არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე და არც ეროვნულ ბანკზე", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკი, რომელსაც 2-3 მილიარდი დოლარი აქვს რეზერვი, ვერ შეეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც თურქეთსა და აზერბაიჯანში. "ჩვენი სავალუტო რეზერვები ძალიან მწირია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ევროპაში ან ჩვენს მეზობლებთან მოხდეს. ჩემი აზრით, როდესაც მეტი კოორდინაციაა და მეტად მუშაობენ ერთად, ბევრი ფაქტორი, საკითხი, რომლებიც დგანან ეკონომიკაში, მათი გადაწყვეტა ხდება უფრო აქტიურად, სწრაფად ხდება მათზე რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ეროვნული ბანკი ცალ-ცალკე ძალიან ბევრ რამეს ცდილობენ და აკეთებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ის კოორდინაცია, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ როგორც ბიზნესმა, ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ", - განაცხადა ჭირაქაძემ.