"სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მმართველმა გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება გაითვალისწინა"

სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინადადება გაითვალისწინა, - ამის თაობაზე განმარტებები დღეს ჟურნალისტებთან საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, საუბარია უმცირესობის პროექტის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მდიდარი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში ერთი წლით უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

"გამოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართალი, როდესაც ვამბობდით, რომ გამკაცრებული სავიზო რეგულაციები ქვეყნის ეკონომიკისათვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ტურისტებისა და ინვესტიციების შემცირება, ლარის გაუფასურება და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეების შეთხელება არის ერთ-ერთი მიზეზი იმ მაამებლური კანონისა, რომელიც გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა. მისივე თქმით, მთავრობა დაადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებს 360 დღით საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სავიზო რეჟიმის გამარტივების მიმართულებით, სამ კანონპროექტზე მსჯელობს. ერთის ინიციატორია მთავრობა, მეორე პროექტი პარლამენტს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შესთავაზა. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში განიხილება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საკანონმდებლო წინადადება.