თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს იწყებს სამდღიან ტურს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერება 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო ხელშეკრულებებს. TRT-ს ცნობით მას მოგზაურობისას 200-მდე თურქი ბიზნესმენი ახლავს თან.
ყატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გარდა, ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს ამ ქვეყნებში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმებში. მისმა ხელმძღვანელმა ნაილ ოლპაკმა მოგზაურობის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრების შემდეგ, დაგეგმილია კონტრაქტების გაფორმება სამშენებლო და საკონტრაქტო სექტორში, ასევე ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსების, ტურიზმის სფეროებსა და სოფლის მეურნეობაში.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეტ ილმაზმა კვირას Haber ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის კონკრეტულ შეთანხმებებს იმედოვნებს. „ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან პროექტებზე, როგორც ორ ქვეყანაში, ასევე მესამე ქვეყანაში. პირდაპირი ინვესტიციების ნაწილი დაუყოვნებლივ მოვა, ნაწილი - მომავალში. ჩვენ ველოდებით შთამბეჭდავ ციფრებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თანხები ცნობილი მოლაპარაკებების შემდეგ გახდება.
მოლაპარაკებების ცალკე თემა იქნება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით. ეს საკითხი, ილმაზმა და თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა ყატარში მოგზაურობისას განიხილეს. სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ახალი ამბების პორტალი Savunma Sanayi აღნიშნავს, რომ ყატარი თურქეთიდან უპილოტო თვითმფრინავებს, მართვადი საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის პლატფორმებს, სამხედრო გემებსა და სწრაფ კატარებს ყიდულობს. მხარეები ემირატისთვის თურქული Milgem-ის კლასის კორვეტების მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
რეგიონში ვიზიტი ერდოღანის საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყება. როგორც TRT აღნიშნავს, თურქეთი ამ ქვეყანასთან წლიური სავაჭრო ბრუნვის 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.