4 ქალაქი, სადაც სექტემბრიდან გამონაბოლქვის გამო ჯარიმები ამოქმედდება - რა ვადაა განსაზღვრული გამონაბოლქვის შესამცირებლად

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს სექტემბრიდან განახორციელებენ.

მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, 4 სექტემბრიდან კონტროლი განხორციელდება 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

მისივე თქმით, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო მესამედ - 3000 ლარით.

ტარიელ ირემაძის განმარტებით, პირველი დაჯარიმების შემდეგ მძღოლს ექნება 15 კალენდარული დღე, რათა ავტომობილის გამონაბოლქვი ნორმას დაექვემდებაროს. ხოლო თუ ამ 15 დღიანი ვადის შემდეგ კვლავ ნორმას გადააჭარბებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, სწორედ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გასამმაგება.

თაია არდოტელი