ირაკლი ღარიბაშვილი ლარის დევალვაციის ტენდენციას კვლავ საგარეო ფაქტორებს უკავშირებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 3,1% შეადგინა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში გამონაკლისია, რაც მთავრობის ეფექტური გუნდის დამსახურებაა. "მარტში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,1%, რაც ძალიან სერიოზული ზრდის მაჩვენებელია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და, რომელშიც არის მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით რეგიონის ეკონომიკა. გეტყვით, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 3,1%. ეს არის მართლაც გამონაკლისი - გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას. ეს არის დამსახურება ჩვენი ეფექტური მინისტრების, როგორიც იყო მაგალითად შავლიაშვილი, რომლის უწყებამ პირველ კვარტალში გეგმის 107%-იანი შესრულება აჩვენა. ეს არის სხვა სამინისტროების დამსახურებაც. ძალიან კარგად იმუშავა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც საგადასახადო შემოსავლებში მოლოდინს 13,2%-ით გადააჭარბა. ასე რომ, ზრდა არის და გვაქვს სტაბილური მონაცემები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ლარის კურსს, პრემიერმა ეროვნული ვალუტის დევალვაციის ტენდენცია კვლავ საგარეო ფაქტორებს დაუკავშირა. "ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული. ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენების და მასთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.