გემის მფლობელი კომპანიები უკრაინის მხარეს ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მზაობას გამოთქვამენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის გარეშეც შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება, რათა გამოვიყენოთ „შავი ზღვის კორიდორი“. ჩვენ არაფრის გვეშინია. უკვე დაგვიკავშირდნენ გემის მფლობელი კომპანიები. მათ გვითხრეს, რომ თურქეთის გავლით მარცვლეულის გატანაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
"ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: პირველი - უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე - რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როცა რუსეთი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმებას შეაჩერებს, ის წყვეტს მოლაპარაკებას გაეროს გენერალურ მდივანთან, გუტერეშთან და თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან. და არა ჩვენთან. ჩვენ მათთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დაამატა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაავალა, რომ მოამზადონ ოფიციალური სიგნალები გაეროსთვის და თურქეთისთვის, რათა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში, რომელიც ომის ფონზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. გაერო-ს მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად ერთი წლის წინ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, უკრაინის პორტებით თითქმის 33 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი განხორციელდა.