რუსეთი ნავთობის საექსპორტო გრაფიკს მესამე კვარტალში, დაახლოებით, 2,1 მილიონი ტონით ამცირებს. ამის შესახებ ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც ТАСС ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნავთობის ექსპორტის ნებაყოფლობით შემცირების ფარგლებში, აგვისტოში რუსეთის ფარგლებს გარეთ მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირების გრაფიკი დღეში 500 000 ბარელით შემცირდება, რაც საერთო მოცულობით მესამე კვარტალში, დაახლოებით, 2,1 მილიონ ტონას მიაღწევს.
ამასთან, საექსპორტო გრაფიკის მოცულობის შემცირება შეეხება როგორც გადაზიდვებს რუსეთის საზღვაო პორტების (ნოვოროსიისკის, პრიმორსკის, უსტ-ლუგას) მიმართულებით, ისე მილსადენით მიწოდებას.
ექსპორტის შემცირება თვის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკმა დააანონსა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა დღიური ნავთობმოპოვება, თებერვლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 500 000 ბარელით მარტშიც შეამცირა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება ფედერაციის მთავრობამ ჯერ ივნისამდე, შემდეგ კი წლის ბოლომდე გააგრძელა. ამჯერად გადაწყვეტილება ნავთობმიწოდების შემცირებას ეხება.
ცნობისთვის: რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების საბაზისო დონე წელიწადში 8 ტრლნ რუბლია (88,157 მლრდ დოლარია), რასაც ქვეყანა დღეისთვის მკვეთრად ჩამორჩება. ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის შემოსავლები იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით შემცირდა და 3,382 ტრლნ რუბლი (37,269 მლრდ დოლარი) შეადგინა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ