სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო - „IMF-ს მისიასთან ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა“

“თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება,”- ასე ეხმაურებიან ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებას.

„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა, პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან,“- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მიმოხილვა არ დასრულებულა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) საქართველოში 27 აპრილიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის შეფასება იყო. 11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა. თუმცა, მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი IMF-ის ბორდმა დაამტკიცოს, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა და პროცესი გადადებულია.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი გახდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც 11 მაისს ფონდიის მისიის მიერ გავრცელებულ რელიზში იყო აღნიშნული, იმ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას არ გეგმავდა.

„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-სმხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს,“- ნათქვამი იყო ფონდის წარმომადგენლობის რელიზში.

ცნობისთვის, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშზე დაყრდნობით, აქტიურად მიდის საუბარი, რომ სავალუტო ფონდიის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცების გადადება ეროვნული ბანკის შესახებ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„როგორც ჩანს, ბორდის მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცება გადაიდო, ნაწილობრივ სებ-ის მართვის სტრუქტურის ცვლილებაზე უთანხმოების გამო“,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რასაც სებ-ის საბჭოს მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა მოჰყვა. ცნობისთვის, სებ-ის კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევაც საპარლამენტო უმრავლესობამ მოახერხა. ჯერ კიდევ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევამდე, საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებდა, რომ „პარლამენტის გეგმა, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, მიუღებელია და იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას“.