აეროპორტის გეზში 3800 კოლოფი ტრამადოლი და აპაურინი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3800 კოლოფი ტრამადოლი და აპაურინი აეროპორტის გეზში შეაჩერეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა კომპანიამ მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა "აეროპორტს" ავიარეისით სლოვენიიდან ჩამოსული და შპს "საქართველოს ფოსტის" საბაჟო საწყობში განთავსებული მედიკამენტების (საერთო წონით 209.4კგ) ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის თხოვნით.

დოკუმენტების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთში, რომლის მიმღებს წარმოადგენს სომხეთში რეგისტრირებული კომპანია, მოთავსებულია ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები: აპარიუმი (Apaurin solution 10მგ) – 3000 კოლოფი, ტრამადოლი (Tramadol solution 100მგ/2მლ) – 500 კოლოფი და ტრამადოლი (Tramadol caps. 50მგ) – 300 კოლოფი. ტრამადოლი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, შესაბამისად, აღნიშნული პრეპარატის ტრანზიტი კანონით აკრძალულია.

ამ დროისათვის ტვირთი შეჩერებულია, ფაქტის შესახებ წერილობით ეცნობა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს.