ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხას, რომელიც „კრედიტ სუისში" აქვს, პოლიტიკური მოტივაციით არ უბრუნებენ, ხოლო მოტივაცია შეიძლება საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება იყოს.
სარჯველაძე ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე სადავო არაფერი იყო, რადგან ივანიშვილს თანხა ეკუთვნის, ხოლო ქმედებები, რასაც ადგილი აქვს, დროის გაჭიმვას ემსახურება, რათა მის უფლებებს და ინტერესს მეტი ზიანი მიაყენონ.
„ადამიანს, რომელიც ბანკში კუთვნილ თანხას ითხოვს, უნდა აძლევდნენ და უბრუნებდნენ, ამასთან დაკავშირებით, მე პირადად არავითარი ეჭვი არ მაქვს და არ მგონია, ვინმეს რაიმე ღირებული არგუმენტი დაესახელებინა, რატომ შეიძლება ჩერდებოდეს ეს თანხა. არსებობს ბანკი, არსებობს კლიენტი, კლიენტს ეკუთვნის ეს თანხა, არავის უთქვამს, რომ ეს ასე არ არის, მილიონი მიზეზი სახელდება და მათგან არც ყოფილა ვარგისი, რაც შეიძლება ბანკის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო შემოთავაზებული, მხოლოდ დროის გაჭიმვის მიზანი ამოძრავებდა. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, უნდა ივარაუდო, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მოტივაციას, ზეწოლის მოტივაციას და რა პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს, ამაზეც ძალიან მარტივად შეგვიძლია მტკიცე ვარაუდები ჩამოვაყალიბოთ, ვერ გეტყვით ეს დაბრუნებას გულისხმობს, ვიღაცისთვის მოტივატორი შეიძლება იყოს, რომ საქართველოში მაგალითად, აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყოს, ბევრი რამ შეიძლება იყოს მიზეზი და სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის გამორიცხვა არ შეიძლება,"- განაცხადა სარჯველაძემ.