ანა დოლიძე - სახელმწიფო აუზები უნდა გაიაფდეს, 300 ლარს მშობელი მარტო ცურვაში ვერ გადაიხდის

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მუნიციპალურ აუზებს ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, სახელმწიფო აუზები უნდა გაიაფდეს, რადგან 300 ლარს მშობელი მხოლოდ ცურვაში ვერ გადაიხდის.

„ქუთაისის აუზი აშენდა ჩვენი ფულით, რომელიც 9 მილიონ ლარამდე დაჯდა. აქედან ნაწილი არის სესხი. ქუთაისის აუზში ყოველთვიური გადასახადი არის 300 ლარამდე. თბილისის ოლიმპიური აუზი არის მუნიციპალური აუზი, რომელიც ასევე ძვირია. საქართველოს რეალობაში, 300 ლარს მშობელი მარტო ცურვაში ვერ გადაიხდის. რაც მთავარია, ეს არის მუნიციპალური აუზი, რაც ნიშნავს, რომ უკვე გადავიხადეთ ფული. ზოგიერთი ბავშვი ვერ მიდის დასასვენებლად ზაფხულში, მათთვის ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ კუთხით მუნიციპალურმა აუზებმა უნდა შეგვიწყოს ხელი", - განაცხადა ანა დოლიძემ.