,,ეს ნაბიჯი IMF-ის მხრიდან გაფრთხილებას ჰგავს" - გრძელვადიან პერსპექტივაში, რა საფრთხეები მოჰყვება  IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერებას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია. ფონდის ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ფაქტს რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნაბიჯი უფრო გაფრთხილებაა და პირდაპირ ბმაშია სებ-ის კანონის ცვლილებასთან, რომელიც სავალუტო ფონდის კრიტიკის მიუხედავად მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით მიიღო.

,,საკმაოდ მოსალოდნელი იყო ეს შედეგი, რადგან სავალუტო ფონდი დიდი დოზით იყო ჩართული ეროვნული ბანკის ისტორიაში. ფაქტობრივად მხარეს წარმოადგენდა და წინააღმდეგობას უწევდა კანონს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმაც ვეტო დაადო, სრულად ლოგიკურად და მოსალოდნელად. ამიტომ, ეს შეჩერება საკმაოდ მოსალოდნელი და გასაგებია მათი მხრიდან.

სებ-ის კანონზე მუშაობა ხან იწყება და ხან ჩერდება, მაგრამ ცხადია რომ არსებული კანონი შესაცვლელია, მაგრამ მარტივად ვერ სრულდება, რადგან ბევრ ინტერესთა ჯგუფს ეხება. პროცესი როგორც ჩანს მიმდინარეობს და ეს ნაბიჯი IMF-ის მხრიდან გაფრთხილებას ჰგავს.

ეს შეჩერება თავისთავად ძალიან გასაგებია და მიუთითებს იმაზეც, რომ შიდა დაპირისპირება ცენტრალურ ბანკში არ დასრულებულა სანამ პრეზიდენტი არჩეული არ არის. ფაქტია, სავალუტო ფონდის ნაბიჯი, არ ყოფილა იმპულსური. კულუარულადაც ამაზე ძალიან ბევრი და ძალიან ბევრს საუბრობდა. ცხადია, რომ ფონდი ამ აბსურდული ცვლილებების ღია მოწინააღმდეგე იყო. ეს იყო ის უიშვიათესი შემთხვევა, როცა მე, სებ-ის გუნდი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთ მხარეს ვიყავით და მხოლოდ ,,ქართული ოცნება" იყო სხვა პოზიციაზე. დავინახეთ, რომ კანონი, ერთ კონკრეტულ ადამიანს მოარგეს, რაც ყველა ლოგიკით დაუშვებელია. ახლა, ეს ნაბიჯი როგორც ვთქვი სამომავლო გაფრთხილებას უფრო ჰგავს რომ ხვალ შეიძლება მისია შეწყდეს, ან უფრო მკაცრი ზომები მიიღონ. უნდა ითქვას ისიც, რომ imf-ი სჭირდებათ ცუდ მთავრობებს, ცუდი მთავრობების დამზღვევი მექანიზმია და არა ნორმალური და კარგი ხელისუფლების. ჩვენ, რადგან არ ვენდობით ჩვენს მთავრობას და თავად მთავრობაც არ ენდობა საკუთარ თავს, იმიტომ გვჭირდება ეს თანამშრომლობა. ახლა, როცა რუსეთიდან ძალიან მაღალია თანხების შემოდინება, ცხადია, არ გვჭირდება. გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გარკვეულ რისკებს აჩენს, როცა ომი დამთავრდება და ეს შემოდინებებიც აღარ იქნება ისეთი, რომ ვალის მომსახურების პრობლემა აღარ გვედგეს" - განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში".

იხილეთ ასევე: სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო - „IMF-ს მისიასთან ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა“

თამარ მუკბანიანი