აშშ-ში ხელფასების ზრდამ სამომხმარებლო ფასების ზრდას ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა. ინფრმაციას The Wall Street Journal (WSJ) შრომის დეპარტამენტისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივნისში კერძო სექტორში საშუალო საათობრივი ანაზღაურება, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 4%-ით, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა.
WSJ-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა, ეს სამომხმარებლო ხარჯების ზრდას გამოიწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი იქნება და რეცესიის თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს.
არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია Conference Board-ის ცნობით, ივნისში აშშ-ის სამომხმარებლო რწმენა, 2022 წლის იანვრის შემდეგ, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ეს მეტწილად (მათ შორის საწვავზე) ფასების ზრდის შენელებამ განაპირობა.
თუმცა Conference Board-ის ივნისის გამოკითხვით, ამერიკელი რესპონდენტების უმეტესობა მაინც შიშობს, რომ ქვეყანამ მომავალ წელს შესაძლოა, რეცესია განიცადოს. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის, დანა პეტერსონის თქმით, ეს შიში, ძირითადად, Fed-ის ზომებს ემყარება, რომელმაც, ინფლაციასთან გადამწყვეტი ბრძოლის ფარგლებში, საბაზისო განაკვეთი ზედიზედ უკვე ათჯერ გაზარდა. ამან, გამოკითხულთა აზრით, შესაძლოა, ეკონომიკის შენელება გამოიწვიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ