პარლამენტი საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს

პარლამენტი საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციასთან და ცალკეული კატეგორიის გადამხდელთა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას განიხილავს.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტებში მსჯელობენ. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20%-სა. 5%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 20%-სა, დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალიც.

პროექტის მიხედვით, გადასახადის ვადაში გადაუხდელობისთვის არსებული საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06%-დან 0.05%-მდე მცირდება. მსუბუქდება ჯარიმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვისაც. კერძოდ, პირი ამ დარღვევისათვის დაჯარიმდება დასაბეგრი ოპერაციის 5%-ით, ნაცვლად მოქმედი ნორმით დადგენილი 15%-სა.

მცირდება სანქცია გადასახადის გადამხდელთან დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაზეც. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. ამასთან, დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. კანონპროექტით, აღურიცხველი საქონლის გამოვლენისთვის სანქციაც მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50%-მდე, ნაცვლად არსებული 100%-სა.

გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება ავტოიმპორტიორებსაც. პროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, თავისუფლდებიან საგადასახადო სანქციებისგან იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოფენ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას და გაფორმებას. აღნიშნული ცვლილება შეეხება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლითა (საურავი) და 289-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები) პირველ, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებულ საგადასახადო პასუხისმგებლობებს.