მასკს სურს გაირკვეს,  თუ როგორ იხარჯება აშშ-ის ფინანსური დახმარება უკრაინაში

ილონ მასკმა მოითხოვა ინფორმაციის გასაჯაროვება, თუ რაზე იხარჯება ვაშინგტონის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხები.

„კარგი იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რაში იხარჯება ფული“, - დაწერა მილიარდერმა სამშაბათს ტვიტერზე. ამ გზით მასკი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები აპირებს კიევს 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს.

მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში გამოაცხადებს უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ. მასში, როგორც მოსალოდნელია, შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა.

აღნიშნული პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გაიცემა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მრეწველებისგან შეისყიდოს, რათა მისი ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემა არ მოხდეს.

კოკა კვირკველია