სემეკმა "ვარკეთილი აირისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ვარკეთილი აირისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო.

"მედიასაშუალებებით გავრცელდა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადება შპს "ვარკეთილ აირისათვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, მიწოდების შეწყვეტის მიზეზი შპს "ვარკეთილ აირის" მიერ არსებული დავალიანებაა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო საკითხის დაუყოვნებლივი შესწავლა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისა" და შპს "ვარკეთილ აირის" წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის მოლაპარაკებების საფუძველზე არ მოხდება საკითხის დარეგულირება, კომისია უფლებამოსილია მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, ხვალვე ჩანიშნოს რიგგარეშე საჯარო სხდომა, სადაც საჯაროდ განიხილება აღნიშნული საკითხი და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა არ გახდეს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვისა და მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი", - ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გუშინდელ განცხადებაში.