2023 წლის ივნისში, ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში 17,8%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მოხსენებაში.
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ გასულ თვეში 1,045 მილიონს მიაღწია, ერთი წლის წინ ეს რიცხვი 887 ათასს შეადგენდა.
ავტომობილების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნგრეთის გარდა (-1,4%). გერმანიაში გაყიდვები 24,8%-ით გაიზარდა, ესპანეთში 13,3%-ით, საფრანგეთში 11,5%-ით, იტალიაში კი - 9,1%-ით.
ევროპაში (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) ახალი ავტომობილების გაყიდვები ივნისში 18,7%-ით გაიზარდა და 1,266 მლნ შეადგინა.
რაც შეეხება კომპანიებს, ევროკავშირში გასულ თვეში Volkswagen ჯგუფის გაყიდვები გაიზარდა 26.3%-ით, Renault Group - 1.7%, სამხრეთ კორეული Hyundai Group - 4.8%, იაპონური Toyota Group - 10%, BMW ჯგუფი - 16%, Mercedes-Benz - 6,6%, Ford Motor - 25,3%.
1,3%-ით შემცირდა Stellantis ჯგუფის გაყიდვები, HONDA-სი კი დრამატულად - 32,6%-ით.
ამასთან, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ ივნისში ევროკავშირში 34 824 მანქანა გაყიდა, მაშინ, როცა გასული წლის ივნისში ეს რიცხვი მხოლოდ 12,977 იყო.
ზოგადად, ივნისში რეგიონში ელექტრომობილების გაყიდვა 1,7-ჯერ გაიზარდა - 158 252 ერთეულამდე. ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში 15,1%-მდე გაიზარდა, წინა წლის 10,7%-თან შედარებით და პირველად გადააჭარბა დიზელისძრავიანი ავტომობილების წილს (13,4%).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს: ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები იანვარ-ივნისში 17,9%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5,439 მლნ-მდე), მთლიანად ევროპაში კი 17,6%-ით (6,589 მლნ-მდე).