აუდიტის სამსახური: მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებზე გაცემული პრემიები ხელფასის 50%-დან 367%-მდე თანხას შეადგენდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი 2013 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა.

ამასთან, აუდიტორების დასკვნის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში პრემია ყოველთვიურად გაიცემოდა სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე.

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მათზე ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50%-დან 367%-მდე შეადგენდა. "2013 წელს სააგენტოში შრომის ანაზღაურებაზე საკასო ხარჯმა სულ შეადგინა 2,776.8 ათასი ლარი, აქედან ხელფასის სახით - 1,720.8 ათასი ლარი (62%), ხოლო პრემიის სახით - 1,056.0 ათასი ლარი (38%). იყო შემთხვევები, როდესაც სააგენტოს რიგ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასის ოდენობის და ხელფასზე მეტი ოდენობის პრემია, ხოლო დეკემბერში სააგენტოს თანამშრომელზე გაცემულია პრემია ხელფასის 367% - ის ოდენობით. ყოველთვიურად პრემიები ძირითადად გაიცემოდა სააგენტოს დირექტორზე (2013 წელს), სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე (სამსახურის უფროსებზე), მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე. აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში ყოველთვიურად მათზე გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% -დან 367% -მდე შეადგენდა", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

რაც შეეხება 2012 წელს, აუდიტორების ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 337,0 ათასი ლარი (41%), ხოლო 2013 წელს 472.4 ათასი ლარი (45%). "2012 წელს აღნიშნული პირების ხვედრითი წილი სააგენტოს მთლიან თანამშრომელთა 22,2%-ს შეადგენს, ხოლო 2013 წელს 17,1%-ს. მიზანშეწონილი იქნება სააგენტომ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს გასაწევი ხარჯების აუცილებლობა, ხოლო მასში ცვლილებები განხორციელდეს სააგენტოსათვის მნიშვნელოვანი ხარჯების დასაფინანსებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ზურაბ ახალკაციშვილი ხელმძღვანელობდა. მან რამდენიმე დღის წინ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზადაც სწორედ აუდიტის სამსახურის დასკვნა დასახელდა.