ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები საქართველოში: რა პროფესიის ადამიანებს აქვთ მეტი შანსი

კონსულტანტი, დისტრიბუტორი, სტილისტი - შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიების ტოპ-სამეულია. დამსაქმებლები სწორედ ამ სფეროში მომუშავე ხალხს ითხოვენ. როგორც Ambebi.ge-ს Saqme.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა უთხრა, დასაქმების ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მომსახურების სფეროზეა, სადაც მინიმუმ ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ და საშუალო ხელფასს გთავაზობენ.

-მოთხოვნა ძირითადად, მომსახურების სფეროზეა, მაგალითად, ყველაზე ხშირად ითხოვენ კონსულტანტებს, სტილისტებს, ავტო მრეცხავებს, მენეჯერებს, დისტრიბუტორებს, პრომო გოგონებსა და ბიჭებს, ასევე, პოპულარულია ქსელური მარკეტინგი, როცა გთავაზობენ დასაქმებას და ხელფასის ზრდის პერსპექტივას. იშვიათად ეძებენ ექიმს. შეიძლება მოთხოვნა იყოს სტომატოლოგზე. ზოგჯერ შეხვდებით ვაკანსიებსაც, სადაც ბანკები ეძებენ კადრებს.

- დროის მიხედვით თუ იცვლება ვაკანსიები?

- ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამ მხრივ ცვლილება მნიშვნელოვნად დიდი არ არის.

-საშუალოდ, ხელფასს რამდენს სთავაზობს დამსაქმებელი?

-რაც შეეხება ხელფასს, ძირითადად არ უთითებენ ხოლმე, თუმცა ყველაზე ხშირად მითითებული ხელფასის რაოდენობა 350-დან 800 ლარამდე მერყეობს. განთავსებულ განცხადებებში დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილება და პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონაა. განცხადებებს ძირითადად კერძო პირები ანთავსებენ, თუმცა არის მოთხოვნა საჯარო სექტორიდან და სახელმწიფო უწყებებიდან.

-როგორც ვიცით, თავად სამუშაოს მაძიებლებიც აგზავნიან განცხადებებს, ძირითადად, რომელ სფეროში ითხოვენ დასაქმებას?

-ჩვენს ვებგვერდზე Saqme.ge თავად მომხმარებელსაც შეუძლია განცხადების განთავსება, ანუ მათ, ვინც სამსახურს ეძებს. ამ კუთხით ყველაზე ხშირად მოთხოვნა აქვთ ბუღალტრებს ან ოჯახში დამხმარეებს, ძირითადად ძიძებს.

თაკო ესებუა

Ambebi.ge