სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა სატელეფონო საუბრის დროს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ტვირთების ნაკადის გაზრდის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდი ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრის დროს პრემიერებმა „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქონლის ნაკადის გაზრდას სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე, რომელიც რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობაში ტვირთბურნვას უზრუნველყოფს.“
მანამდე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ზემო ლარსის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ტრანსპორტის სამინისტროს, ფედერალური საბაჟო სამსახურისა და სხვა უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
ახლახან სომხეთის ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე საავტომობილო მოძრაობის ზოლების რაოდენობა 11-დან 39-მდე, ხოლო სატვირთო მანქანების მაქსიმალური ნაკადი დღეში 300-დან 1400 ავტომობილამდე გაიზარდა, რაც, მისი თქმით, რეკორდული მაჩვენებელია.
მიმდინარე კვირას გაზეთ Financial Times-მა (FT) საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის სქემა გაშიფრა. გამოცემა წერს, რომ ექსპორტი 200-ჯერ გაიზარდა, ხოლო ავტომობილების უმეტესობა, რომელიც რუსეთში სომხეთიდან შედის, მანამდე აშშ-დან საქართველოში ფოთის პორტით ჩადის. გაზეთი ე.წ. აშშ-საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთის სქემას დეტალურად აღწერს. კერძოდ, „ავტომობილებს შეერთებულ შტატებში მეორად სადაზღვევო აუქციონებზე ყიდულობენ, სადაც მანქანები მზღვეველებს ჩამოწერილი ჰყავთ. შემდეგ მათ საქართველოში ან სომხეთში არემონტებენ და სომხეთშივე განაბაჟებენ, სადაც რუსეთთან უბაჟო ვაჭრობა მოქმედებს. საბოლოოდ, გიუმრის გავლით მანქანები ისევ საქართველოს საზღვარს კვეთენ და რუსეთში იგზავნება, სადაც ისინი ღირებულებაზე ბევრად ძვირად იყიდება.“
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან დავიდოვი ივნისის ბოლოს აცხადებდა, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ტვირთბრუნვა წლის განმავლობაში 20%-ზე მეტად გაიზარდა. მისი მონაცემებით, „თუ გასულ წელს, 5,5 თვის განმავლობაში მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 5,6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, წელს მოცულობამ უკვე 7,8 მილიონ ტონას მიაღწია.“ დავიდოვის პროგნოზით, წელს ზემო ლარსზე ტვირთბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ