ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას, ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, სურს ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა მინიმუმ წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლონეთი საზღვრების დახურვით იმუქრება, თუკი ბრიუსელი წინადადებას არ დათანხმდება.
ევროკავშირმა მაისში ნება დართო ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, და ამავდროულად დაუშვა ასეთი ტვირთების ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. აკრძალვის ვადა 15 სექტემბერს იწურება.
Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ქვეყნები კიევის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან მოსკოვის წინააღმდეგ ომში, მაგრამ აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის შემოდინებამ დააზარალა მათი სოფლის მეურნეობის სექტორები.
„უკრაინის მიმართ სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მარცვლეულის ეროვნული ბაზრები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვარშავაში, ცენტრალური ევროპის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუსის განცხადებით, ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის მინიმუმ წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიას წარუდგენენ.
”მაგრამ შეთანხმება ასევე მოიცავს ჩვენს ერთობლივ განცხადებას, რომ ღია ვართ ტრანზიტისთვის”, - აღნიშნა ტელუსმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს გრძელვადიანი სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები, რადგან უკრაინული სურსათის ექსპორტის საკითხი წლების განმავლობაში გაგრძელდება.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათ ასევე სურთ ვარიანტი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ინდივიდუალურად სთხოვონ ევროკავშირს პროდუქტების დამატება აკრძალული პროდუქტების სიაში.
ამასთან, პოლონეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის გახანგრძლივებას არ დასთანხმდება, ისინი აკრძალვას არ გააუქმებენ.
“პოლონეთი არ გააუქმებს აკრძალვას 15 სექტემბერს მაშინაც კი, თუ ევროკავშირი არ შეთანხმდება მის გაგრძელებაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, იშტვან ნაგის განცხადებით, თუ ასეთი შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, ბუდაპეშტი „ყველა ზომას გამოიყენებს უნგრელი ფერმერების დაზარალების თავიდან ასაცილებლად“.