თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსი გამოცხადდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში ორი განცხადება გააკეთა, რომელთაგანაც ერთი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განსაახლებლად კონკურსის გამოცხადებას ეხებოდა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახური აღნიშნულ კონკურსს გამოაცხადებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს არქიტექტურის სამსახური განკარგულების პროექტს წარადგენს, რომლის მეშვეობითაც კონკურსის წესები და პირობები დამტკიცდება.

ნარმანიას თქმით, აღნიშნული კონკურსი ორეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე მოხდება საუკეთესო კონცეფციის გამოვლენა, მეორე ეტაპზე, გამარჯვებული დაიწყებს გენერალურ გეგმის დამუშავებაზე მუშაობას.  დავით ნარმანიას თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის ბოლოს ექსპერტების დახმარებით 2009 წელს მიღებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი დაიწყო. ამ ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს სრულყოფილ, ყოვლისმომცველ და შესაბამისად, რელევანტურ დოკუმენტს დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერიოდში.

"ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს, თბილისის მთავრობა გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს ტერიტორიულ სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებს და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას. თბილისის არქიტექტურის სამსახური აღნიშნული დოკუმენტის გასაახლებლად კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს", - აცხადებენ მერიაში.