იტალიის ტურისტული ინდუსტრია პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა, რასაც ტურიზმზე მოთხოვნის მაჩვენებლები მიუთითებს. ამის შესახებ იტალიის ტურიზმის სამმართველოს (Enit) ანგარიშში არის ნათქვამი.
უწყება, მიმდინარე საზაფხულო სეზონის შედეგებზე დაყრდნობით, პროგნოზირებს, რომ ტურიზმის მაჩვენებლები 2019 წლის დონეს გადააჭარბებს, რომელიც იტალიის ტურიტული ინდუსტრიის ისტორიაში რეკორდულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ყოველი მესამე ტურისტი უცხოელია. ივლისში სასტუმროების დაჯავშნის დონე სტაბილური დარჩა, თუმცა აგვისტოსა და სექტემბრის ჯავშნები, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, უკვე 20%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, სასტუმროებსა და ტურისტების მიმღებ მსგავს ობიექტებზე ივლისში ადგილების 58%-ზე მეტი, აგვისტოში 83%-ზე მეტი, ხოლო სექტემბრისთვის 50%-ზე მეტი დაიჯავშნა. აგვისტოში მთის კურორტებზე სასტუმრო ნომრების, თითქმის, 90%, ხოლო ზღვის სანაპიროებზე ადგილების 80%-ზე მეტი არის დაჯავშნილი.
ტურიზმის სამმართველო ჯავშნების კარგ მაჩვენებლებს, ასევე, კულტურული ღირსშესანიშნაობების მქონე ქალაქებში აფიქსირებს. კერძოდ, ასეთი ქალაქების ტურისტების მიმღებ ობიექტებზე ივლისში ადგილების 57%, აგვისტოში 82,5%, ხოლო სექტემბრისთვის 50% უკვე დაჯავშნილია.
ამასთან, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ტურისტული სექტორის აღდგენაზე მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მაჩვენებლებიც მიუთითებს. კერძოდ, ზამთრისა და გაზაფხულის თვეებში სასტუმრო სტრუქტურების შევსების მაჩვენებელი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 5-7%-ით იყო გაზრდილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ