,,ფასის ზედა ზღვარი განაპირობებს დეფიციტს" - ეკონომისტი წამლის რეფერენტულ ფასზე

რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ამ დრომდე ჩამონათვალი უკვე 1 600-მდე გაფართოვდა. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა, თუმცა პერიოდულად ბაზარზე სხვადასხვა წამლის დეფიციტი იჩენს თავს.

სამინისტრო ამაში ფარმაცევტულ სექტორს ადანაშაულებს, რომელიც მათი თქმით, ხელოვნურად ქმნის დეფიციტს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეალურად, ფასის ზედა ზღვარი განაპირობებს დეფიციტს. გამოსავალი კი წამლის წარმოების უფლების გაფართოებაა, რაც შესაბამისად, კონკურენციასაც გაზრდის.

,,ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,ფარმაცევტულ პროდუქტებზე რეფერენტული ფასების ანუ ფასის ზედა ზღვარის დაწესებას ქვეყანა აღფრთოვანებით შეხვდა. ახლა მთელი ქვეყანა ფარმაცევტულ კომპანიებს აგინებს დეფიციტის შექმნისთვის იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ვრცელდება. იფიქრეთ, ცოტა მეტი იფიქრეთ. ფასის ზედა ზღვარი მიზეზია, დეფიციტი შედეგი. სხვა სიტყვებით, ფასის ზედა ზღვარი განაპირობებს დეფიციტს. მომხმარებლისთვის ფასი შედარებით ხელმისაწვდომია, მეტ ადამიანს სურს შესყიდვა. მწარმოებლისთვის ფასი ნაკლებად მიმზიდველია და სურს ნაკლების გაყიდვა. შედეგი დეფიციტია.

თუ ეს "ლეველი" გადავლახეთ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. უახლოეს მომავალში ხომ არ ველოდოთ ამ მედიკამენტებს სადმე ჩრდილოვან ბაზარზე იმაზე ბევრად მაღალ ფასად გამოჩენას, ვიდრე ისინი რეფერენტული ფასის დაწესებამდე იყიდებოდა? რა თქმა უნდა, დამნაშავეები აქაც ფარმაცევტული კომპანიები გახდებიან იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოვან ბაზარს ვიღაც აუცილებლად "დაკრიშავს" და სოლიდურ წილსაც წაიღებს.

საერთოდ რატომ ხდება, რომ ვინმე პირობით კახას და გიას შეუძლია, ხოლო სხვა დანარჩენებისთვის აკრძალულია ფარმაცევტული ბიზნესის წარმოება? პირობითად, თუ სადმე მედიკამენტი 70%-იანი ფასნამატით იყიდება, მომეცით ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის უფლება, რომ 10%-იანი ფასნამატით მოგყიდოთ. ვინ ქმნის ბაზარზე შესვლის ბარიერს და რატომ? ეს უკვე კრონიკაპიტალიზმის შემთხვევაა.

მოდი შემოვიღოთ კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ. ვიცი, ეს საკითხიც პოპულისტების თავში იხარშება და ბარემ, მივაბამ. ეს უკვე ფასის ქვედა ზღვარია. ჩვენგან რა მიდის, დავადგინოთ საათში 100, 200 ან მეტი ლარი. სანამ ვინმეს რამეს დააბრალებთ ჯერ იფიქრეთ, კარგად იფიქრეთ რა მოხდება" - წერს ცომაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

თამარ მუკბანიანი