თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17.5%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 250 საბაზისო პუნქტით - 17.5%-მდე გაზარდა.

ანალიტიკოსების პროგნოზი 500 საბაზისო პუნქტი იყო, რადგან ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები გრძელ და რთულ მისიას იწყებენ ორნიშნა ინფლაციის დასაძლევად.

"მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდება, დროულად და ეტაპობრივად, სანამ ინფლაციის პროგნოზები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება", - წერია ბანკის განცხადებაში.

თურქული ლირა დოლართან მიმართებით, დაახლოებით, ნახევარი პროცენტული პუნქტით დაეცა და ახალ რეკორდულ ნიშნულს, 26.92-ს მიაღწია. მიმდინარე წელს ვალუტამ დოლართან მიმართებით ღირებულების 30% დაკარგა.

აღსანიშნია, რომ არჩევნების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის კურსში ცვლილებებია.

ივნისში ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა და ახალმა ეკონომიკურმა ჯგუფმა ინფლაციის შესაკავებლად მთავარი საპროცენტო განაკვეთები 8.5%-დან 15%-მდე გაზარდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.

თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას იმ იმედით, რომ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებდა. საპირისპიროდ კი მკვეთრად მაღალი ინფლაციის დონე მიიღო.

ტრადიციული ეკონომიკური შეხედულებების გამო ერდოღანმა 2-წლიან შუალედში უკვე ეროვნული ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად უოლ სტრიტის ყოფილი ბანკირი, ჰაფიზე გეიე ერკანი დაინიშნა, რაც ორთოდოქსულ პოლიტიკაზე გადასვლას მიანიშნებდა.

გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, ერდოღანმა ფინანსთა მინისტრიც შეცვალა და პოსტზე მეჰმეთ შიმშექი დანიშნა.

კახი ჩაკვეტაძე