Avon-ს რუსეთში უკრაინის მხარდამჭერი ბროშურების გავრცელებისთვის ამოწმებენ

კოსმეტიკის, კანის მოვლის, სუნამოებისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების ბრიტანულ-ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია Avon-ის რუსული ფილიალი, Avon Russia თავისი პროდუქტების ამანათებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერი ბროშურების გავრცელების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. ამის შესახებ Forbes-ს კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა.

პრესსამსახურის ცნობით, კომპანიას სამართალდამცავი ორგანოებიდან არანაირი მიმართვა არ მიუღია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საფუძვლიან გამოძიებას ჩავატარებთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება კომპანიის მისიას, მხარი დაუჭიროს ქალებს სილამაზის მეშვეობით,“ - ხაზგასმით შენიშნავს კომპანია და დასძენს, რომ „ხელისუფლებასთან სრულყოფილად თანამშრომლობს.“

მანამდე „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ Avon-ის ამანათებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერი ბროშურების გავრცელებასთან დაკავშირებით პოლიცია და საგამოძიებო კომიტეტი წინასწარ საგამოძიებო შემოწმებას აწარმოებდნენ. გაზეთის ცნობით, სამართალდამცავ უწყებებს მოსკოვის მცხოვრებმა მიმართა, რომელმაც ბრენდის პროდუქტი ვებგვერდით შეუკვეთა. საკურიერო სამსახურის მიერ მიწოდებულ ამანათში მამაკაცმა შენიშნა ქვითრის მსგავსი ფურცელი, რომელიც ფრაზის, „გმადლობთ Avon-ზე შეძენის“ შემდეგ შეიცავდა „მოკლე, მაგრამ მეტად აგრესიულ ინფორმაციას რუსეთის ქმედებების შესახებ უკრაინაში.“ გაზეთი წერდა, რომ ბროშურა როგორც უბრალო შეფუთვაში, ისე ქარხნულად დალუქულ ამანათშიც იდო.

Avon-ს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე წარმოება არ შეუწყვეტია, თუმცა კომპანიამ ქვეყნიდან ექსპორტი შეაჩერა. ამჟამად Avon-ის მფლობელი ბრაზილიური კომპანია Natura Cosmeticos-ია, რომელიც ქსელ The Body Shop-ის მესაკუთრეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ