თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულების, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვის, აკაკი ნოზაძისა და თენგიზ არჩვაძის მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
პროკურატურა სამი პირის - ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვის და აკაკი ნოზაძის მიმართ 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძის მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.
ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.