დავით ნარმანია: C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის პროგრამა 800 000 ლარით დაფინანსდება

C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის პროგრამა 800 000 ლარით დაფინანსდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მთავრობის სხდომა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში თბილისის მერმა C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის პროგრამის ამოქმედების შესახებ განცხადება გააკეთა. პროგრამის განხორციელების წესის განხილვა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოხდება და დასამტკიცებლად საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება.

დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარია და მისი მიზანი დაავადების დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დაფინანსების მეთოდოლოგია შემდეგი წესით განისაზღვრება: C ჰეპატიტით ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი, მარტივი ტესტირების მეთოდით (სკრინინგი) ფინანსდება სრულად პაციენტის თანაგადახდის გარეშე. ხოლო სწრაფი მარტივი ტესტირებით C ჰეპატიტის დადებითი პასუხის მქონე პირების მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევები დაუფინანსდება შემდეგ პირებს, კერძოდ, პირები რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ჯანდაცვის სამინისტრო მათ 70%-ით, ხოლო თბილისის მერია 30%-ით დააფინანსებს, ყველა სხვა მოსარგებლეს კი მერია დადგენილი ღირებულების 60%-ს, სამინისტრო კი 30%-ს დააფინანსებს.

სკრინინგული კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე იძულებით გადადგილებულ პირებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისში აქვთ.

მერიაში განმარტავენ, რომ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარება შეეძლება პირს, რომელიც ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტშია ჩართული.