სწრაფი კვება ბორბლებზე

როგორ დავიწყოთ ბიზნესი? - ეს კითხვა ყოველთვის კომპეტენტურ პასუხს საჭიროებს. კარგი რჩევა და სწორი ინფორმაციის მიღება კი ხშირ შემთხვევაში, საქმის წარმატების საწინდარია. ბაზარზე არსებული კონკურენცია საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უწესებს ბიზნესს. შესაბამისად, ყოველ ახალ საქმიან წამოწყებას დეტალებამდე გათვლა სჭირდება.

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ჯამური ღირებულების 2/3-ს ქმნის მცირე და საშუალო ზომის კომპანიები. უკვე დაინგრა სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად საჭიროა დიდი ინვესტიცია. დამწყები ბიზნესების ყურადღება გადატანილია ახალი მიმართულებების ათვისებისკენ, რომლებიც მხედველობიდან გამორჩათ დიდ კორპორაციებს.

მსოფლიოში წამყვანმა ბიზნეს გამოცემა „ეკონომისტმა“ გამოყო 15 ბიზნესი,  რომელშიც ღირს ინვესტირება 2015 წელს და ამ სიაში წამყვან პოზიციას იკავებს „მობილური სწრაფი კვების ობიექტები“ ანუ „სწრაფი კვება ბორბლებზე“. ამავე გამოცემაში ხაზგასმულია, რომ ეკონომიკური კრიზისები ყველაზე ნაკლებად სწრაფი კვების ინდუსტრიას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სარესტორნო ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში ე.წ. „მოძრავი კვების ობიექტების“ ჯამურმა რეალიზაციამ 2014 წელს 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჯამურად ამერიკის სარესტორნო ბიზნესის გაყიდვების 1%-ს შეადგენს. სააგენტო Emergent Research-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად პროგნოზირებენ, რომ ეს ციფრი 2017 წლისთვის გაოთხმაგდება და 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

სწრაფი კვების ინდუსტრია საქართველოშიც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მზარდი სფეროა. ტრადიციულად სარესტორნო ბიზნესი, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ ბიზნეს მიმართულებად მიიჩნევა, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით გააქტიურდნენ ეგრეთ წოდებული „ფასთ-ფუდები“. მათმა არსებობამ მომხმარებელში გააჩინა ნდობა და სწრაფი კვება მათი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

მოცემულ ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილია ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინვესტიციის მოცულობა, გაყიდვების სტრატეგია, ძირითადი საპროგნოზო ფინანსური მაჩვენებლები. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის დასაწყებად საჭირო საწყისი ინვესტიცია საკმაოდ მცირეა და არ აღემატება 10,000 აშშ დოლარს, ხოლო სწორი მართვის პირობებში, ბიზნესი ამ თანხას 11 თვეში ამოიღებს.

საწყისი ინვესტიცია

10,000 USD

ინვესტიციის უკუგების პერიოდი

11 თვე

მოგების წერტილზე გასვლის პერიოდი

4 თვე

მოგების წერტილზე გასვლისათვის აუცილებელი მინიმალური გაყიდვები

360 ლარი (დღეში)

პროექტის შემოსავლიანობა (შიდა უკუგების კოეფიციენტი IRR 5 წელზე)

220%

პროექტის წმინდა დღევანდელი ღირებულება NPV (დისკონტი 12%; ვადა 5 წ.)

205,000 ლარი

მფლობელების მოგება (5 წელზე)

350,000 ლარი

ბიზნესის აღწერა

„მობილური კვების ობიექტი“ წარმოადგენს მცირე ან საშუალო ზომის სპეციალურ ჩასაბმელს ან ავტოტრანსპორტს, რომელშიც განთავსებულია საკვების მოსამზადებელი სპეციალური ინვენტარი: ე.წ. „ფრიტურნიცა“; გრილი; პურის საცხობი; ელექტრო ჩაიდანი; ხელსაბანი; მაცივრები; ე.წ. „სენდვიჩ მეიქერი“. ჩასაბმელში გათვალისწინებულია ავტონომიური წყლის და დენის სისტემები: გენერატორი 220 ვ; წყლის ავზები და აქვს დიდი სარკმელი კლიენტთა მომსახურებისთვის. თბილი, გემრიელი საკვების სწრაფად მიწოდება ნებისმიერ სწრაფი კვების ობიექტის მიზანია, შესაბამისად რეკომენდირებულია კომპანიამ მოახდინოს კონცენტრაცია მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე (მცირე ზომის მენიუზე). აუცილებელია პროცესების მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევა, საშუალოდ 1 შეკვეთის შესრულება უნდა მოხდეს 2-3 წუთში.

პროდუქტები/რეცეპტები

რეკომენდაციას გიწევთ აირჩიოთ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი და არ გაშალოთ ფართო ასორტიმენტი, რათა გამარტივდეს ხარისხის და პროცესების კონტროლი. რეკომენდირებული ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი: Hot Dog; სენდვიჩი; კარტოფილი ფრი; გამაგრილებელი სასმელები.

დამატებითი პროდუქტები: ნამცხვარი; ყავა.

ფასწარმოქმნა: მოცემულ ინდუსტრიაში რეკომენდირებულია გასაყიდი ფასის განსაზღვრა ნედლეული X2 პრინციპით: ნედლეულის თვითღირებულება გაამრავლეთ ორზე.

მარკეტინგული/გაყიდვების სტრატეგია: შეიძლება გსმენიათ მარკეტინგული ცნება 4P (Product, Place, Price, Promotion) (პროდუქტი, ადგილი, ფასი, რეკლამა), ეს ცნებები ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების ანბანს წარმოადგენს, ანუ იმისთვის რომ პროდუქტი წარმატებით სარგებლობდეს, საჭიროა, პროდუქტის მაღალი ხარისხი, ადგილმდებარეობის სწორი შერჩევა, ადეკვატური ფასი და ეფექტური რეკლამა. რაც შეეხება სწრაფი კვების ინდუსტრიას, აქ არსებობს სტანდარტი 3P (Place, Place, Place) ანუ წარმატებას განაპირობებს ერთადერთი რამ, ეს არის ადგილმდებარეობის სწორი შერჩევა, ობიექტი უნდა განთავსდეს დატვირთულ და თავშეყრის ადგილებში (პარკი, სანაპირო, უნივერსიტეტი, ოფისები, ხალხმრავალი ქუჩა). „სწრაფ კვებას ბორბლებზე“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა სწრაფი კვების ინდუსტრიაში, რადგან არ არის მიბმული ერთ კონკრეტულ ადგილზე და სეზონურობიდან თუ ხალხმრავლობიდან გამომდინარე აქვს გადაადგილების შესაძლებლობა.

პოტენციური მანქანის ან მისაბმელის შერჩევა: მოცემული ბიზნესის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ეფექტური და მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, რომელშიც უნდა განთავსდეს ჩვენი „ფასთ-ფუდი“. არსებობს ორი ძირითად ტიპი: მობილური ავტოტრანსპორტი და „ჩასაბმელი“. ჩვენი რჩევაა არჩევანი შევარჩიოთ „ჩასაბმელზე“, რათა შევამციროთ საწყისი ინვესტიციის მოცულობა და სამომავლოდ თავიდან აიცილოთ, ავტომობილის რემონტთან დაკავშირებული ხარჯები. გაითვალისწინეთ, რომ პარკირებისას „ჩასაბმელი“ ნაკლებ ადგილს დაიკავებს. ყიდვა უმჯობესია მოხდეს უცხოური საიტებიდან დიდი არჩევანის გამო. სასურველია შეირჩეს ნახმარი და იაფი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი „ჩასაბმელი“.

საჭირო ინვესტიცია

ინვესტიციის მოცულობა

აშშ დოლარი

ლარი

მანქანა

5,074

11,163

დანადგარები

3,000

6,600

მანქანის გაფორმება

1,000

2,200

დამხმარე საშუალებები

400

880

ნედლეული

800

1,760

სულ

10,274

22,603

bpn

bpn

დასკვნა

მობილური კვების ობიექტი წარმოადგენს ბიზნესს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დახასიათდება მაღალი კონკურენციით, რაც გამოწვეულია შესვლის დაბალი ბარიერებით, მათ შორის საწყისი ინვესტიციის სიმცირით, თუმცა სწორი მართვის პირობებში შესაძლებელია კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში შესაბამისი ადგილის მოძებნასთან, სწორი მანქანა დანადგარების შერჩევასთან, გემრიელი საკვების მიწოდებასთან, და მაღალი დონის სერვისთან.

შემაჯამებლად გვინდა წარმოგიდგინოთ 11 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გახსოვდეთ ბიზნესის „სწრაფი კვება ბორბლებზე“ წამოწყების გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე ბიზნესის მართვის პროცესში:

მოიძიეთ სრულად იურიდიული, საგადასახადო და სანიტარული კანონმდებლობა;

გქონდეთ რეზერვირებული თანხა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის;

მენიუში აუცილებელი არ არის მრავალფეროვნება, საჭიროა გახსოვდეთ პრინციპი „გემრიელი, თბილი, სწრაფი“;

განსაზღვრეთ ფასები X2 პრინციპით. ნედლეულის თვითღირებულება გაამრავლეთ ორზე;

განსაზღვრეთ პოტენციური პარკირების ადგილები, შეადგინეთ განრიგი, თუ რა დღეს სად განათავსებთ ობიექტს;

როგორც პარტნიორებად, ასევე პერსონალად შეარჩიეთ დადებითი და ღიმილიანი ადამიანები;

შეადარეთ დაგეგმილი და ფაქტიური ციფრები ერთმანეთს;

მუდმივად აკონტროლეთ ხარისხი, ბიზნესის გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხი გადამწყვეტია;

პერმანენტულად აკონტროლეთ მანქანა დანადგარები, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი სიურპრიზები;

გამოიყენეთ სოციალური ქსელები მარკეტინგისთვის, დაივიწყეთ სატელევიზიო რეკლამა;

გააფართოვეთ თქვენი ბიზნესი ახალი ობიექტების დამატებით და ადგილების ათვისებით;

ბიზნეს გეგმის სრული ვერსიის გასაცნობად იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.solaris.ge/#!free-business-plans/c58

გისურვებთ წარმატებას

საკონსულტაციო კომპანია “ სოლარის ჯგუფი”

web: www.solaris.ge

e-mail: info@solaris.ge

იხილეთ ბიზნეს გეგმა სრულად