თედო ჯაფარიძე: რიგის სამიტზე მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს

რიგის სამიტზე მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს, რასაც ჩვენ ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

ამით თედო ჯაფარიძე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რადიო "თავისუფლება" წერს, რომ რიგის სამიტმა შესაძლოა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედები გაუცრუოს. როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, ქართული მხარის მოლოდინია ის, რომ აღნიშნულ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რიგის სამიტის შედეგი იყოს უვიზო მიმოსვლა, თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რიგის სამიტი არ ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. "ამ სამიტზე მოხდება ტექნიკური შეფასება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და შემდეგ ჩვენ გადავალთ შემდეგ ფაზაზე, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გულისხმობს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

თედო ჯაფარიძემ აღნიშნული კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და ნიდერლანდების დელეგაციის შეხვედრას დაესწრო.