პრეზიდენტს ახალი მთავრობის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთხვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ, პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში - მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.