თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის. ინფორმაციას გაზეთი, Hürriyet დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ „იგეგმება ახალი ნაბიჯის გადადგმა თურქეთის საიმიგრაციო პოლიტიკაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევები, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით სირიელებისთვის, თურქეთის მოქალაქეობის მინიჭება გართულდეს.”

გამოცემის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ამიერიდან თურქეთი თავშესაფრის მაძიებლებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. ამ პირებს სავიზო პრობლემის მთავარ ასპექტად მიიჩნევენ, რადგან ზოგიერთი მათგანი თურქეთის მოქალაქეობას იღებს და საცხოვრებლად ევროპაში გადადის.

გაზეთის წყაროს ცნობით, ევროკავშირს აქვს პირობა, რომ თურქეთი კარგად დაიცავს თავის საზღვრებს. თავის მხრივ, ევროკავშირი გარანტიას იძლევა, რომ მიგრანტებს ბლოკის წევრ ქვეყნებში არ შეუშვებს.

გასულ კვირას ევროკომისიის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ 2024 წელს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება გამორიცხა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს საათები კი არა, წლები სჭირდება და ბრიუსელი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მისანიჭებლადაც კი არ არის მზად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ