ვენაში ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

ვენაში ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართეს კომისიის ავსტრიული მხარის ხელმძღვანელმა, ავსტრიის რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილემ ბერნადეტე მარიანე გირლინგერმა და კომისიის ქართული მხარის ხელმძღვანელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ.

"ქართულ-ავსტრიული ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და იმსჯელეს ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მიმდინარე რეფორმებს. ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ მიმართულებით, მათ შორის ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკური კომისიის მე-4 სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.