უკრაინაში 2010 წლამდე წარმოებული ავტომობილების შეყვანა იკრძალება

ითვალისწინებს თუ არა იგივე აკრძალვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება?

2016 წლის 1 იანვრიდან, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინაში აიკრძალება იმ მანქანების შეყვანა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ევრო-5-ის სტანდარტის ეკოლოგიურ მოთხოვნას. უკრაინას ავტოიმპორტიორებისა და დილერების ასოციაციის გენერალური დირექტორის ოლეგ ნაზარენკოს განცხადებით, 1 იანვრიდან უკრაინაში იკრძალება 5 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი. "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისას ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ მოთხოვნას და ახლა ამ კანონს ვეღარ გავაუქმებთ", - განაცხადა ოლეგ ნაზარენკომ. მისივე თქმით, 2014 წლის 1 იანვრიდან უკრაინაში ევრო-4-ის ეკოლოგიური სტანდარტი მოქმედებს.

უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ამ დრომდე არა თუ ევრო-5-ის ეკოლოგიური სტანდარტის შემოღებაზეა საუბარი, არამედ ჯერ არც ევრო-4-ის სტანდარტი მოქმედებს და არც ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება. როგორც bpn.ge-სთან საუბარში ”ეკოტრანსპორტი ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, სანამ ტექნიკური დათვალიერება ძალაში არ შევა, ევრო-4-ის სტანდარტის რეგულაციის მიღება შეუძლებელი იქნება. "თუ 2017 წლისთვის შესაძლებელი იქნება ტექნიკური დათვალიერების ძალაში შესვლა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, 2017 წლისთვის ევრო 4-ის სტანდარტის შემოღება. თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება მზაობა, რომ რეალურად გატარდეს ის რეფორმები, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროშია, ამ სტანდარტებზე გადასვლა სწრაფად მოხდება და ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლებად აისახოს უარყოფითად მოსახლეობაზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით ძალიან ცოტა ნაბიჯი იდგმება", -აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელი ბოლო ვადაა იმისთვის, რომ საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდეს. ვასო ურუშაძის განმარტებით, ევრო-4-ის სტანდარტი 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტს, ანუ 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტს კრძალავს, ევრო 5-ის სტანდარტი კი 2010 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტს. "საქართველო ნელ-ნელა უნდა მიუახლოვდეს აღნიშნულ ევროსტანდარტებს. სამწუხაროდ, ჩვენი ავტოპარკი ყველაზე კრიზისულ მდგომარეობაშია მთელი ევროპისა და მთელი რეგიონის მასშტაბით", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ევროპაში ევრო-5-ის სტანდარტი 2009 წლიდან მოქმედებს.