საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პროცესებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ინიციატივით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას, ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური, ონლაინ მედიის წარმომადგენლები და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე, საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე და საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა წარადგინა. პრეზენტაციაში განხილული იყო საინვესტიციო პროცესები, შედეგები და გეგმები. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა საინვესტიციო პორტფელების განაწილების პროცესზე და სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც პორტფელებში განთავსების პრინციპზე, ასევე არჩევის გზებსა და საშუალებებზე.

გოგა მელიქიძის თქმით, 6 აგვისტოდან, მონაწილეების გადანაწილება პორტფელებში ავტომატურად მოხდება.

„40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში“,- აღნიშნა მან.

სააგენტოს ცნობით, უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა სტუმრებს თითოეული პორტფელის შერჩევის და განაწილების შესახებაც ესაუბრა და ყველა კითხვას დეტალურად გასცა პასუხი.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მსჯელობაში მედიის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული. აქვე შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოდან ერთი თვის მანძილზე დაგროვებით, საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა მონაწილეს ეხსნება უფლება შეარჩიოს საინვესტიციო პორტფელი, როგორც ონლაინ რეჟიმში პირადი საპენსიო გვერდიდან ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, ასევე იუსტიციის სახლებსა და საპენსიო სააგენტოს ოფისში ა. პოლიტკოვსკაიას N14-ში.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პერმანენტულად ატარებენ შეხვედრებს ინტერესთა ჯგუფებთან. უკვე არაერთი შეხვედრა განხორციელდა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მედიასთან. მსგავსი ფართომასშტაბიანი შეხვედრების ჩატარებას საპენსიო სააგენტო მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.