კომუნიკაციების კომისიამ "ჯი-დი-ეს"-ისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ დახმარების გაწევის საკითხზე მოკვლევა დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს თი-ვისთვის" თავდაცვის სამინისტროს მიერ დახმარების გაწევის საკითხზე მოკვლევა დაიწყო. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისია მოიკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მთავრობის განკარგულების დანართი N1-ით გათვალისწინებული დახმარების ფაქტი შემდგარია თუ არა, ასევე, გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას, კონკრეტულად რა ფორმით ეხმარება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს თი-ვის". მოკვლევის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

მთავრობამ გამოსცა განკარგულება და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "ჯი დი ესისთვის", სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის "ქერჩის" გადაღების მიზნით, სათანადო დახმარების გაწევა და განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა დაავალა. კერძოდ, ეს რესურსია: 10 კგ ტროტილი, 50 კაფსულ-დეტონატორი (კდ8), 30 ცალი ელ. დეტონატორი, 100 ცალი სადეტონაციო ზონარი, 5 000 ფუჭი ვაზნა და 10 კგ შავი დენთი. გარდა ამისა, "ჯი დი ესს" დროებით სარგებლობაში 3 ერთეული ტყვიამფრქვევი და 6 ცალი ვაზნის ლენტი გადაეცემა.