კახა კალაძე: იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება

იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოხდება თუ არა პირველი მაისიდან კომერციული ტარიფის ზრდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არსებული კომერციული ტარიფი შენარჩუნდება. "თქვენ იცით, რომ ხორციელდება სუბსიდირება და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკ-ში უკვე შესულია განაცხადი და მათ ვადა აქვთ სექტემბრამდე, რომ ტარიფს გადახედონ. "სემეკ-ს აქვს ვადა სექტემბრამდე, რომ დაითვალონ, ნახონ კომპანიების მდგომარეობა. შესაბამისად, ეს სემეკ-ის კომპეტენციაა, არავის აქვს უფლება ჩაერიოს, არც მთავრობას, არც გარკვეულ დაჯგუფებას", - განაცხადა კალაძემ.

იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი პირველ მაისამდე იყო შენარჩუნებული, რომლის შემდეგაც არსებული გადასახადის გაზრდას ვარაუდობდნენ.