რა ღირს ტურები საქართველოში - რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლებისა, მგზავრობა ამ ორ ქვეყანას შორის არც ისე იაფი ჯდება. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისის ღირებულება დაახლოებით 1845 ლარს შეადგენს.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, რომ გარდა ამისა, ტურისტულმა საცალო მოვაჭრეებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან ამ მიმართულების ტურისტული პროდუქტის შესახებ, მათ შორის სანაპიროზე. ამიტომ, მიმდინარე ეტაპზე მიმართულების მოთხოვნა ძირითადად ქალაქის ტურებსა და ღირსშესანიშნაობებზეა ორიენტირებული. და უკვე ამ მოგზაურობის ფარგლებში, ზოგიერთი ტურისტი პროგრამას რამდენიმე დღეს ზღვაზე უმატებს.

„რუსეთიდან საქართველოსკენ მგზავრთნაკადი ნელ-ნელა იზრდება, თუმცა ეს პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ბევრი ტურისტი ელოდება სხვების „შთაბეჭდილებებს“, კურორტზე არსებული სერვისისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ“, - აცხადებს ერთ-ერთი რუსული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი.

ექსპერტების აზრით, საუკეთესო საზღვაო კურორტი საქართველოში არის ბათუმი, სადაც სანაპიროზე შესვლა უფასოა.

„აქაურ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებს არაჩვეულებრივი სერვისი აქვთ, მოვლილია სანაპირო ზონა, არის ბევრი ღირშესანიშნაობა, აქტიური დასვენებისთვის აქ ბევრი საშუალებაა“, - აცხადებს რუსი დამსვენებელი.

გამოყოფენ ბათუმის საუკეთესო სასტუმროებს:

  • Iberia Hotel 3*
  • Era Palace 4*
  • Piazza Boutique Hotel Batumi 4*
  • World Palace Batumi 4*
  • Marina 5*

ბათუმის გარდა, რუსები უპირატესობას ანიჭებენ კვარიათს, ქობულეთს, ჩაქვს და ურეკს.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში დაგეგმილი ტურების ღირებულებას, 2-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსების შემთხვევაში ტურის ღირებულება ორ ადამიანზე 7 ღამის განმავლობაში 851 ლარიდან ღირს, 3-ვარსკვლავიანში - 1 177 ლარიდან, 4-ვარსკვლავიანში - 1 477 ლარიდან, 5-ვარსკვლავიანში კი - 5 107 ლარიდან.

ფასები, ბუნებრივია, ცვალებადია სხვადასხვა კურორტსა და სასტუმროში.

ეკა დარჩიაშვილი