საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმი პაციენტს ბევრი დასახელების მედიკამენტს უწერს, თუმცა, მოქალაქეს არ აქვთ ინფორმაცია, ეს პოლიპრაგმაზიაა (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლის დანიშვნა), თუ გადაუდებელი აუცილებლობა.
ორგანიზაცია „სოციალური განტოლების ჰაბი“ პროექტის კოორდინატორ ქეთი კობიაშვილის განმარტებით, ერთი კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ხუთ მედიკამენტზე მეტის გამოწერა, როგორც წესი, საჭირო არ არის.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თითოეული შემთხვევის თავისებურება, რა გვერდითი მოვლენები, თუ ჯანმრთელობის სხვა პარალელური პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თუმცა, ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, 5 წამალზე მეტი, როგორც წესი, არ არის საჭირო. ამის ცოდნა მოქალაქეებისთვის საჭიროა, ერთის მხრივ მისთვის, რომ იგივე სქემებისგან (ჰოლდინგური სისტემებისგან) იყონ დაცული, ან არ მიიღონ იმაზე მეტი წამალი, ვიდრე ეს მათთვის აუცილებელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი მომხმარებლის და პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ ბევრი წამალი არ ნიშნავს, ეფექტურ მკურნალობას“, - განაცხადა ქეთი კობიაშვილმა.
მისი თქმით, მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერა, ხშირად კიდევ ერთ პრობლემას, დაავადებების მართვის გაიდლაინების ქართულ ენაზე არარსებობას უკავშირდება და ექიმები ცდილობენ, ბევრი წამლის გამოწერით, უბრალოდ, გარანტირებული შედეგი მიიღონ.
„კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ სფეროში მოსაგვარებელია, ეხება დაავადებების მართვას, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი ყველა დაავადებაზე ერთიანი გაიდლაინი, სადაც გაწერილი იქნება მედიკამენტების ოპტიმალური რაოდენობა, დოზირება და ა.შ. რაც არის რეკომენდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად, ამას მოჰყვება ბევრი სხვა პრობლემაც.
მე ღრმად ვარ დარწმუნებულ, რომ ბევრი მედიკამენტის დანიშნა, არ არის მხოლოდ კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგი, ეს შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ეს იყოს ერთგვარი თავდაცვა ექიმის მხრიდან, დანიშნოს ბევრი მედიკამენტი, რათა მიიღოს გარანტირებული შედეგი. სწორედ აქ დგება უწყვეტი განათლებისა და განათლების რესურსების შექმნის ძალიან აქტუალური საკითხი. ერთის მხრივ, აღნიშნული გაიდლაინები იცავს პაციენტსაც უსაფუძვლოდ ბევრი მედიკამენტის მოხმარებისგან და იცავს ექიმსაც, მისი კომპეტენციის ნაწილში“, - განაცხადა ქეთი კობიაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.