რუსული სამხედრო გემის „ცნობილი მიმართულებით“ გაშვების კონტენტზე დამზადებულ უკრაინულ საფოსტო მარკას იტალიაში საერთაშორისო ფილატელისტური ხელოვნების პრემია Asiago-ს უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას „უკრპოჩტას“ პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინის საფოსტო მარკები აგრძელებენ მსოფლიოს დაპყრობას და ჯილდოების მიღებას საერთაშორისო კონკურსებზე. ჩვენმა ლეგენდარულმა მარკამ გრან-პრი, ანუ როგორც ამას თავად დაჯილდოვების ორგანიზატორები უწოდებენ, „ფილატელისტური ოსკარი“ მიიღო,“ - ნათქვამია „უკრპოჩტას“ განცხადებაში.
უწყების ცნობით, Asiago-ს დაჯილდოების კონკურსის საერთაშორისო ჟიურიში ფილატელისტური ლიტერატურის გამომცემლები, მხატვრები, ფილატელისტები, პარლამენტარები და ოფიციალური პირები შედიან. „უკრპოჩტამ“ საუკეთესო მარკისთვის „ფილატელისტური ოსკარი-2023“ 35 მონაწილე ქვეყანას შორის მოიპოვა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ვიჩენცას პროვინციაში, აზიაგოს მუნიციპალურ მოედანზე გაიმართა.
ლეგენდარული მარკა „უკრპოჩტამ“ 2022 წლის 12 აპრილს წარადგინა. მასზე ასახული ცნობილი სიტყვები კუნძულ ზმეინის უკრაინელ მესაზღვრეს ეკუთვნის, რომელმაც ამ ფრაზით რუსულ გემზე მყოფ ოკუპანტებს დანებების მოწოდებაზე უპასუხა. მარკა კიდევ უფრო პოპულარული უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ გახდა. მან მომხმარებლებში ბუმი გამოიწვია და ტირაჟმა რეკორდულ 1 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ესკიზის ავტორი უკრაინელი მხატვარი, ბორის გროხია.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „უკრპოჩტამ“ World Post & Parcel Awards-2023-ის კონკურსშიც გაიმარჯვა, სადაც აღნიშნული მარკა 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო მარკად აღიარეს. ასევე, „უკრპოჩტას“ World Post & Parcel Awards-2023-ის საპატიო ჯილდო საფოსტო და ექსპრესმიწოდების სფეროში მიენიჭა, რომელშიც უწყებამ ერთდროულად სამ კატეგორიაში გაიმარჯვა. ესენია: „წლის ფილატელისტური კამპანია,“ „საფოსტო ოპერატორი“ და სპეციალურ ნომინაცია, „ინდუსტრიის ლიდერი.“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ