აფბა: ლარის კურსის პრობლემა ეროვნული ბანკის პრიორიტეტებში არ ზის

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ლარის კურსის პრობლემა ეროვნული ბანკის პრიორიტეტებში არ ზის.

როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საუბარი არის ლარის დევალვაციის საკითხებზე, ხშირად ეროვნული ბანკის მიმართ ისმის კრიტიკა, თუმცა ბანკის მმართველობა მიმდინარე მწვავე პროცესებზე პასუხისმგებლობას მოხერხებულად არ იღებს, რის უფლებასაც მას "საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" აძლევს.

"ამ ფონზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ეროვნული ბანკის ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც 2009 წლიდან ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მონეტარულ პოლიტიკაზე გადავიდა. ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა ინფლაციის მიზნობრივი დონე და მონეტარული პოლიტიკაც ამ მთავარ ორიენტირზე ააწყო. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების საკითხს, ეროვნული ბანკის პრიორიტეტების ნუსხიდან ამოღებულ იქნა", – განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, არსებობს ლოგიკური კითხვა, თუ რამდენად პასუხობს მოცემული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საზოგადოების მოთხოვნებს ეროვნული ბანკის ორიენტირება მიზნობრივი ინფლაციის მიღწევაზე ლარის კურსის სტაბილურობის ნაცვლად. "ინფლაციის თარგეთირების დადებითი შედეგი უფრო მეტია თუ ვალუტის დევალვაციით გამოწვეული ნეგატიური შედეგი? ინფლაციის თარგეთირების მეთოდს სხვადასხვა ქვეყნები ეფექტურად იყენებენ, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რამდენად მისაღებია ის ქართული რეალობისთვის? ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები არ არსებობს. დღეს ქართული ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები ცალსახაა: ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია, იმპორტზე დამოკიდებულება და მწირი წარმოების პოტენციალი, ასევე სახელმწიფო და საშინაო ვალის უცხოურ ვალუტაში დენომინირება. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით მაქსიმალური სარგებლის მიღებას ზღუდავს. აღნიშნული ფაქტორების გამო კურსის რყევით გამოწვეული ზარალი გაცილებით დიდია იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ინფლაციის თარგეთირება გვაძლევს. სწორედ ამიტომ დღეს მაღალია დევალვაციის მაჩვენებელი და დაბალია ინფლაცია, ანუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა, მაგრამ ფასების ზრდის ტემპი არის დაბალი", - აღნიშნა გულბანმა.

შოთა გულბანის განცხადებით, ამ ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააანალიზოს, რომ უცხოურ ინვესტიციებზე მკვეთრად დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა უფრო მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ქვეყნის შიგნით წარმოების დონე საკმაოდ დაბალია. ამ შემთხვევაში კი, მთავრობის მიერ გატარებული გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს შექმნიდა, გულბანის თქმით, პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა.