რუსეთის მთავრობამ, სპეციალური ეკონომიკური ზომების ფარგლებში, „არამეგობრული“ ქვეყნებიდან რიგი საქონლის მიმართ, მათ შორის ღვინის იმპორტზე საბაჟო გადასახადი მკვეთრად გაზარდა. ინფორმაციას ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულ“ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე საიმპორტო საბაჟო განაკვეთი 12,5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ეს გადასახადი ლიტრზე 1,5 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ახალი შეზღუდვები ძალაში 2023 წლის ბოლომდე დარჩება.
იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის, მინიმუმ, 50%-ით გაზრდა ივნისში რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ მოითხოვა.
ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის პროგნოზით, ლიტრზე არანაკლებ 1,5-დოლარიანი გადასახადის შემოღება იაფ სეგმენტს დაარტყამს და ასეთი სასმელების ღირებულება გაორმაგდება. ზოგადად, საცალო ფასები, მინიმუმ, 10%-ით გაიზრდება. ასეთ პროგნოზს Simple Group-იც ადასტურებს. კომპანიის შეფასებით, გადასახადის ზრდა არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ რუსული ღვინოს გაძვირებასაც გამოიწვევს, რადგან შიდა მწარმოებლები საბაზრო ფასებზე იქნებიან ორიენტირებული.
ცნობისთვის, ქართული ღვინოები რუსეთში ნულოვანი საიმპორტო ბაჟით სარგებლობენ. იმის გამო, რომ საქართველო „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში არაა, საიმპორტო გადასახადის გადახდა არ მოუწევს და ქართული ღვინო რუსეთში კვლავ ნულოვანი ტარიფით შევა. ეს კი ცხადია, ქართულ ღვინოზე მოთხოვნას უფრო მეტად გაზრდის.
ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ღვინოების მიწოდებაში საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს, იტალიის წილმა კი 18,5%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ იანვარ-მარტში საქართველო იმპორტის ლიდერ იტალიას ჯერ ვერ უსწრებდა, თუმცა მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ესპანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ