დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - საქართველოში 23908 ექიმია, 100 ათას მოსახლეზე 644 ექიმი მოდის

საქართველოში, 2022 წლის მონაცემებით, 23908 ექიმია (სტომატოლოგების ჩათვლით), 2021 წელს მათი რაოდენობა 22490-ს შეადგენდა, 100 ათას მოსახლეზე 644.0 ექიმი მოდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ექთნების რაოდენობა 22029-ს შეადგენს, 2021 წელს ქვეყანაში 22078 ექთანი იყო, 2020 წელს კი - 22126.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 17948 ჰოსპიტალური საწოლია, 268 სტაციონარული დაწესებულება და 2284 პოლიკლინიკაა.

რაც შეეხება სოფლის ექიმ-მეწარმეებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მათი რაოდენობა 1270-ს შეადგენს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნების მაჩვენებლებს. ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები კი თითქმის ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით.