რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტე მენდესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ქარსელაძემ ელჩს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“-ით დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
„საუბარი როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარეობასა და გეგმებს შეეხო.
ლატვიის ელჩმა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების დინამიკა და დასახული გეგმები საქართველოს ევროინტეგრაციისათვის წარმატებულ ძალისხმევად შეაფასა.
შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.