"ვარკეთილ აირს" დავალიანების გადახდა 2 მაისამდე გაუგრძელდა

"ყაზტრანსგაზ-თბილისმა" შპს "ვარკეთილ აირს" დავალიანების გადახდის ვადა 2 მაისამდე გაუგრძელა. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, კომპანიის მიერ გუშინ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, შპს "ვარკეთილ აირის" ხელმძღვანელობის თხოვნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე "ვარკეთილ აირმა" თანხის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა და დარჩენილი თანხის გადასარიცხად გარკვეული ვადა ითხოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ მარტში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური დღემდე სრულად დაფარული არ არის, მოლაპარაკებების შედეგად შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა", აბონენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამონაკლისის სახით, თანხის გადახდის ბოლო ვადა 2015 წლის 2 მაისამდე გაგრძელდეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამონაკლისი აღარ გაკეთდება და აბონენტების წინაშე მთელი პასუხისმგებლობა, ბუნებრივი აირის შეწყვეტაზე შპს "ვარკეთილ აირს" დაეკისრება", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.